| 20 მაი.'10 | 2010 წლის 22 მაისს ქალაქი ახმეტა საინტერესო სანახაობას მასპინძლობს: ახმეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება “ყველის ფესტივალი”, რომელიც მრავალ სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს.
აღნიშნული ფესტივალი გაიხსნება დღის 12 საათზე, ქალაქ ახმეტის ცენტრში. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თუშური ცხოვრების წესს: ცხვრის პარსვის, დაკვლისა და გატყავების პროცესს, მატყლის ჩეჩვას, დართვას, ქსოვას, ასევე სხვადასხვა ხალხურ ტრადიციებს. აქვე იქნება გამოფენილი ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები, კერძო კოლექციონერების კოლექციები – ქართული ჩასაცმელები და ხალხური მუსიკალური საკრავები. ადგილზე იქნება ნაჩვენები ხელნაკეთი ნივთების – გობელენების, ჩანთების, წინდების ქსოვის პროცესი. მოეწყობა ბაზრობა, სადაც მოხდება რაიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და მზა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ დოღში, მშვილდოსნობასა და ქართულ ჭიდაობაში. მერიის წინ მოეწყობა ბაზრობის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება თუშური ყველის ფართო ასორტიმენტი, აქვე შესაძლებელი იქნება ყველის დეგუსტაცია და შეძენა. ღონისძიების სტუმრებს სპეცილურად მოწყობილ ფაცხებში გაუმასპინძლდებიან კახური შოთით, მწვადით, ღვინით, ხინკლითა და არყით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტებში არსებული კერძო სასტუროების მეპატრონეები და ტურ-ოპერატორები.
ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 77 75 42 42 |