| 07 ივნ.'10 | მიმდინარე წლის 5-6 ივნისს ვარძიაში გაიმართა რიგით მეორე სათავგადასავლო შეჯიბრება. აღნიშნული ღონისძიება მოეწყო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. თითო გუნდი 6 წევრით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ტურისტული კომპანიები, ასევე ტელევიზიები და სხვადასხვა ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეჯიბრი მოიცავდა 3 სპორტულ სახეობას: სირბილს 6 კილომეტრის დისტანციაზე, ველორბოლას 12,5 კილომეტრის დისტანციაზე და ჯომარდობას მდინარე მტკვარზე 2,5 კილომეტრის დისტანციაზე.
შეჯიბრში გამარჯვება ასპინძის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კომპანია “ჯეოლენდი” გავიდა, მესამე ადგილი კი “მოგზაურისა” და “ჯომარდის” თანამშრომლებისგან შემდგარმა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს დაკავებული ადგილის მიხედვით დაწესებული საპრიზო ფონდი – 3 000, 2 000 და 1 000 ლარი გადაეცათ. |