| 13 ივლ.'10 | 12 ივლისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე “საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება”. ამის შესახებ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა.
მისი თქმით, სამინისტრო იწყებს ახალ ეტაპს ტურიზმის განვითარების მიმართულებით. "ახალს იმიტომ, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა საქართველო ვაქციოთ მსოფლიო ტურისტული ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რადგან ჩვენს ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს ვაცხადებთ კონკურსს, რომელმაც უნდა გამოავლინოს საუკეთესო პროექტი საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა აცხადებს მსგავს კონკურსს. გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად გახდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე" - განაცხადა ქობალიამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვებულის შერჩევა არ მოხდება აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მით უფრო ნათესაური კავშირების გათვალისწინებით. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ყველა დაინტერესებულ პირს.
"ეს იქნება კარგი შანსი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, რათა მათ მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. კონკურსი ჩატარდება გამჭვირვალობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, რათა არ გაჩნდეს ერთი ეჭვიც კი გამარჯვებულ პროექტთან და ავტორთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ სამუშაო ჯგუფს, რომელიც საუკეთესო პროექტსა და მის ავტორს შეარჩევს, პირადად ვუხელმძღვანელებ. ტურიზმის პროექტის წარმატების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავს პრაქტიკას მივმართოთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩვენი სამინისტრო და პირადად მე პერმანენტულად დავაკვირდებით პროექტის შესრულების მიმდინარეობას" - აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე. ასევე ყველა ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელია ვაკანსიების გამოქვეყნება, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
|